“გრუზინის” ანატომია

gruzini

“გრუზინის” ანატომია

შენიშვნა: ფოტო ხელოვნური ინტელექტითაა დაგენერირებული და არავისი ბაბუა ან მამა არ არის…

გრუზინი არის ჰომოსაპიენსი რომელიც ჰომო ერექტუსობისაკენ მიისწრაფვის.

გრუზინი არის ადამიანი, რომელიც გაღვიძებული უკვე უკმაყოფილოა. ის გააღვიძეს ტკბილი ძილიდან და ისევ ამ საშინელ ცხოვრებას მოაბრუნეს. ნაწყენობა მისი თანმდევი ატრიბუტია რადგან იმედი აქვს გაცრუებული: ქვეყნისგან,მშობლებისგან, მეუღლისგან, მეგობრებისგან, შვილებისგანაც და საბოლოო ჯამში თავისი თავისგანაც. თუმცა ამას არ აღიარებს.

მუდმივად განადიდებს წარსულს, სძაგს ამწმყო და ვერ ხედავს მომავალს. არის დიდრონი და ამპარტავანი, რადგან ოდეს ყოფილა დიდი საქართველო. ეს შეგრძნება ყოველშია, მირაჟული უპირატესობისა სხვა ერების, სხვა ხალხის და მათ შორის ახლობელი ადამიანების მიმართაც. ყველა გრუზინი ყველა გრუზინზე მაღლა დგას.

თუ ვინმეს დაინახავენ რაიმე კარგს აკეთებს მაშინვე უპოვნიან ნაკლს, რომ რამენაირად გაამართლონ თავიანთი უმაქნისობა. სხვისი დაკნინება გრუზინისთვის მასზე აღზევებას ნიშნავს. ასე უფრო მარტივია , რადგან სხვისი აღიარება თავისი თავის ირიბ დადანაშაულებას ნიშნავს უმოქმედობაში, უძრაობაში ეს კი დისონანსში მოდის მის დიდრონ პერსონასთან. ამიტომაც უარყოფა რეფლექსად ქცევია და ალტერნატიულ რეალობას იქმნის, სადაც სამეფო გვირგვინი მას ადგას თავზე და სხვები ჰორიზონტს მიღმა თავიანთი გლეხუჭა ცხოვრებით ცხოვრობენ. ყოველი გრუზინი სარკეში მეფეს ხედავს და მართლაც, მას ყველა ატრიბუტი აქვს მეფობისა: სიზარმაცე, მბრძანებლური ტონი, დავალებების გაცემის უნარი, “ექსპერტი” ყველა სფეროში და არ მცოდნი ცალკე აღებული არცერთის. მაგრამ თავის თავში უსაზღვროდ დარწმუნებული, რეალობის უარყმყოფი და მასთან სასტიკად დაჯახებულია. ამასთან ღარიბი, ფლიდი, ვერგამტანი, უნიათო, მჩაგვრელი, ზოგან გაბოროტებულიც.

გრუზინს არ უყვარს განვითარება. საკუთარ თავზე შრომა ალქიმია ჰგონია, რომლის შესწავლაც მისთვის უბრალო დროის კარგვაა. ამიტომაც ჯობია დრო სხვა რამეში დაკარგოს. მაგალითად, მოყვეს თავისი მეფური ბუნება, გაშალოს ფარშევანგის კუდი, რამეთუ ღრმად წამს მისი ბაქიბუქობა მომხიბვლელია და გასაგები. მართალიც ასეა, სხვა გრუზინები ტკბილად ისმენენ გრუზინულ ამბებს, რადგან ეპოსურად გაფორმებულ ამბავს თავის თავთან აიგივებენ და ამით დროებით ივსებენ იმ სიცარიელეს, რომელსაც რეალობასთან აცდენა უქმნით.

გრუზინისთვის ყველა ტრადიცია წმინდაა და მისი მოდიფიცირება, თანამედროვეობასთან ინტეგრირება, წარმოუდგენელი. ის კი არა სიტყვა მოდიფიცირებაც კი სატანური ჰგონია, რამეთუ მასში ხედავს დამდგარი და ჩამყაყებული, მაგრამ უკვე შეგუებული გარემოს შეცვლას. ამიტომაც გრუზინი ეწინააღმდეგება ყველაფერ განსხვავებულს და ახალს სკეპტიკურად უყურებს. ამით იცავს თავის უნიათობას, შიშს შეცნობისა.

ყოველი გრუზინი მართლმადიდებლად თვლის თავს, მაგრამ ეკლესიას უფრო ბიუროდ აღიქვამს სადაც ცოლის ღალატი, მეგობრის საქმეში გადაგდება ან თუნდაც უარესი აუცილებლად მიეტევება და თუ მისი სული რაიმე მძიმე ცოდვით არის დამძიმებული, მან იცის რომ გარკვეული შესაწირის სანაცვლოდ სულს ერთი-ორად შეუმსუბუქებენ.

გრუზინი მტერს სცნობს მოყვარედ თუ ეს მის ინტერესებში მოხვდა. მას უჭირს საერთო იდეის დანახვა და ამ იდეისთვის ბრძოლა ხო საერთოდაც ეზარება, რადგან ხედავს, რომ არც სხვები იხწვიან. გრუზინისთვის მთავარი იდეა არ მოიცავს რაიმე მის პერსონაზე უფრო მეტს, რადგან მისი პერსონა მისთვის ყველფერზე დიდია.

გრუზინი არის ადამიანი, რომლისთვისაც სიკეთის კეთებას ფუნქცია აქვს და ეს ფუნქცია ინვესტირებაა, რომელმაც მალე სასურველი შედეგი უნდა გამოიღოს. გრუზინი არის ადამიანი რომელიც უბრალოდ, ბუნებრივად კი არ იღიმის, იღიმის იმიტომ რომ საჭიროა.

რას იტყვით დავრჩეთ გრუზინებად?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *