
ვაჟადან ავატარამდე
ვაჟა, ავატარი2, ჯეიმს კამერონი, ფილოსოფია.
ვიყავ წყლის გზაზე, სევდიან ფიქრთ დასალევად და ახალი ფიქრებით გამომაცილა. აშკარაა რომ ამ ზრქელ და რთულად გასკვირვებელ გონებას საკენკი დამიყარა.
პანდორას სილამაზე ალბათ ცოტას თუ უკვირს წინა ფილმის შემდეგ და ბოლო წლების ფენტეზი ფილმებით განებივრებულ მაყურებელს გრაფიკული შედევრით ნაკლებად თუ განაცვიფრებ, მაგრამ ფილმი ამ მხრივ ნამდვილად უზადოა, გემოვნებიანი და დახვეწილი. ამიტომ ამაზე არ გავჩერდები, უფრო შეგრძნებებზე მინდა ვილაპარაკო.
ერთი შეხედვით ფილმი ზედაპირულად იწყება, ყველაფერი კარგადაა. ჯეიკ სალი და ნაიტირი თავის შვილებთან და ნაშვილებებთან ერთად ბედნიერად ცხოვრობენ პანდორას ტყეში. ამ კადრების შემხედვარე იფიქრებ, რომ ბედნიერება მოსაწყენია (ასეც არის, მაგრამ ამაზე სხვა დროს). ფილმი “იღვიძებს” მაშინ, როდესაც ცის ადამიანები ანუ დედამიწელები იწყებენ დაბრუნებას. გამაოგნებელია მათი უდარდელობა და გაუაზრებლობა თუ სად მოდიან. ეს დამოკიდებულება ყველაზე კარგად ჩანს კოსმოსური ხომალდის დაშვების კადრში როდესაც ხომალდი სრულიად ანადგურებს მის ქვეშ არსებულ ტყეს, პლანეტის ზედაპირს და კილომეტრობით რადიუსში მხოლოდ ფერფლს თუ ტოვებს. წლების შემდგომ პანდორამ პირველად იგრძნო ადამიანის უდარდელი ფეხის სიმძიმე. ამის შემდგომ ჯეიკ სალი ავატიკაებთან ერთად პარტიზანულ ომს მთელი ერთი წლის მანძილზე აწარმოებს, ტაქტიკურად წარმატებით, მაგრამ სტრატეგიულად უშედეგოდ. ადამიანების წნეხი და შემოსევის მასშტაბი ზედმეტად დიდია. იგრძნობა რომ კაცობრიობამ პანდორას მძლავრი მუშტი მოუქნია და ეს მხოლოდ დასაწყისია. ანტაგონიზმი და აგრესია კი შემზარავი.
ამ ყველაფერს ემატება პირადი შურისძიებით აღტკინებული ამჯერად ავატარის სხეულში “ჩაპარკინგებული” პოლკოვნიკის დაუოკებელი წყურვილი მოკლას მისი პირადი მტერი ჯეიკ სალი. პოლკოვნიკის გამოჩენა სალის ფსიქიკას და ტაქტიკას ცვლის, რადგან პოლკოვნიკის სახით მის ოჯახს პირდაპირი საფრთხე ემუქრება და ეს უკვე აღარ არის მარტო ცივილიზაციური ომი, არამედ ორ მამრს შორის პირადი დაპირისპირებაა, რომელთაგან ერთი იცავს ოჯახს, მეორეს კი დასაკარგი არაფერი აქვს.
სწორედ პოლკოვნიკი ხდება ის ტრიგერი რის გამოც სალი, ნაიტირი და ბავშვები ავატიკაიებს ტოვებენ და კუნძულებს აფარებენ თავს. ასე იწყება “წყლის გზა”.
საინტერესოა ჯეკ სალის ფსიქოტიპი, განსაკუთრებით ბავშვებთან ურთიერთობისას. ხშირად ლოგიკას აყენებს სიამაყეზე წინ, ხოლო ნაიტირი მიუხედავად თავს არ ხრის. ოჯახის უსაფრთხოება პირველ ადგილზე დგას ორივესთვის თუმცა სალი ბევრად ფრთხილია ვიდრე მისი მეუღლე. დედამიწელის თვალებში უფრო მეტი შიშია. ასეც უნდა იყოს, ჩვენ ყველამ ვიცით თუ სისტემა როგორ მუშაობს. კამერონი მართლაც კარგად ახერხებს ამ სხვაობის გადმოცემას.
აქვე ერთი-ორი სიტყვაც უნდა ითქვას კამერონზე. რატომ წყლის გზა? ამის პასუხი კამერონის ბიოგრაფიაშია. იგი ბავშვობიდან იყო აღფრთოვანებული ჟაკ კუსტოთი და ამავდროულად მისი ბავშვობა დაემთხვა მთვარეზე აპოლოს მისიის პერიოდს. ალბათ ამ ორი ფაქტორის შედეგია ავატარის ეს ფილმი. კამერონი ამ მომენტში მცხოვრებთა შორის ერთ ერთი იშვიათი ადამიანია რომელსაც ათასობით საათი აქვს გატარებული წყალქეშა ბატისკაფში. ის ერთადერთი რეჟისორია და ძალიან ცოტას შორის ერთე ერთი ადამიანია რომელმაც მარიანას ღრმულში მოახერხა ჩასვლა. მას უამრავი დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული ოკიანეებზე და მასვე ეკუთვნის წყლის მოწყობილობებთან დაკავშირებული გამოგონებები. ხოლო ამ ფილმისთვის მან სრულიად ახალი კამერა შექმნა, რომელიც წყლის ლინზის ეფექტს ანეიტრალებს (წყალში ობიექტები უფრო ახლოს ჩანს ვიდრე ზედაპირზე). მოკლედ რომ ვთქვათ კამერონი ოკენეზე უზომოდ შეყვარებული კაცია და ეს მას პანდორას წყალქვეშა ფაუნის შექმნაში აშკარად დაეხმარა.
ამ ფილმშივე ჩანს რეჟისორის სიღმისეული ცოდნა ჩვენი პლანეტის ბიომრავალფეროვნებისა და მისი ბიო წარსულისა. ცოდნას შერწყმული ფანტაზიის უნარი იძლევა პანდორას ულამაზეს ხედებსა და არსებებს. აშკარაა რომ კამერონმა წყალქვეშა არსებების ფორმები და ფუნქციონალები დედამიწის კემბრიული აფეთქბის დროინდელ არსებებს “მოპარა” (კემბრიული აფეთქება 350 მლნ წლის წინანდელ მოვლენას ჰქვია, როდესაც სიცოცხლე ერთუჯრედიანიდან რთული ფორმების ეტაპზე გადავიდა და საოცრად მრავალფეროვანი წყალქვეშა ფაუნა ჩამოყალიბდა) და მოახდინა მათი მოდიფიკაცია. ზოგიერთ მზგავს არსებებს კიმბრიული აფეთქებიდან დღესაც შეხვდებით:კიბორჩხალების, რვაფეხების, ომარების სახით. თუმცა შეჯავშნული თევზები შემდგომი პერიოდიდანაა როდესაც ხერხემლიანები ჩამოყალიბდნენ და ხმელეთზე ერთი სულიერიც არ ჭაჭანებდა. პ.ს კარგია როდესაც განათლება გაქვს და თუ ნიჭიც გეხმარება, მაშინ პანდორის მზგავს რამეებს მარტივად შექმნი.
ვისურვებდი კამერონს ღრმა ცოდნა ადამიანის ფსიქოლოგიაშიც ჰქონოდა, რადგან ამავე ფილმში ვხვდებით ნარატიულ სიუჟეტს შურისძიებაზე, რომ ახლობელი ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შენ, გმირობები, გმირობები და ბოროტი პერსონაჟები კითხვების გარეშე, ტერმინატორის სტილში. მაგრამ ეს ის არის რაც იყიდება. მესმის რომ კამერონი მარტო ჩემთვის ფილმს ვერ გადაიღებდა.
მაგრამ ერთი საინტერესო პასაჟი ამ მიმართულებით იმედს იძლევა. ფილმში არის შეგრძნება, რომ პოლკოვნიკის მეტამორფოზა დაიწყო, მაგრამ სიუჟეტი ჯერ გახსნილი არ არის. ვნახოთ შემდეგ ფილმში როგორ განვითარდება. ზოგადად ძალიან რთულია მეტამორფოზის მომენტუმის დაფიქსირება, ეს დიდ ვაჟასაც გაუჭირდა და უბრალოდ გადაახტა, ვნახოთ კამერონში არის თუ არა ეს ტიტანური აღქმის უნარი სწორი პასაჟის დაჭერისა.
აი ტრაგედიის გადმოცემა კი საკმაოდ მარტივია თუ ზოესნაირი მსახიობი ცოცხლობს ნაიტირის სხეულში. სალის და ნაიტირის შვილის სიკვდილის სცენა ამ ფილმის ნამდვილი მშვენებაა. მსახიობ ზოე სალდანას შესაქებად სიტყვები არ მყოფნის. ის კივილი და სასუწარკვეთა, რომელიც მხოლოდ დედებმა იციან სრულად და დამაჯერებლად იქნა გამოხატული. მაგრამ უფრო შთამბეჭდავია ნაიტირის სახე, დედის რომელმაც შვილი ორი წამის წინ დაკარგა, როდესაც მისი რჩეული თხოვს რომ ტყვეობაში მყოფი გოგონებისთვის ის უნდა იყოს ძლიერი გულით. ბრწყინვალედ დუმს ნაიტირი, გაშეშებული, შოკირებული და შეძრწუნებული თვალებით შეჰყურებს ჯეიკს და დუმილითვე იღებს მშვილდისარს, რომ ეს სასუწარკვეთა მტრის თავზე ისრების წვიმად აქციოს. უზომოდ სამწუხაროა, რომ მოუშენ ქეფჩერის მსახიობებს როლის შესრულებისთვის ოსკარი არ გადაეცემა. ეს სცენა თავისი სიმძიმით ნატვრის ხის ბოლო კადრს გავს, როდესაც სესილია თაყაიშვილი უიმედოდ ასავსავებს ხელებს.
კამერონი რისი კამერონი იქნებოდა, რომ დედამიწისეული პრობლემები არ წარმოეჩინა. როგორც ოკეანეების მოყვარულმა მან თვალნათლივ დაგვანახა თუ რა საშინელებაა ვეშაპებზე ნადირობა და თუ როგორი დაუცველები არიან ისინი. პანდორას არსებების მცირე სითხის გამო დახოცვით გვაჩვენა თუ რა უაზრობა იყო ვეშაპებზე ნადირობა მათი ქონისთვის. ვინც არ იცით გეტყვით, რომ ვეშაპის მოკვლის შემდგომ ქონი მისი თავის ქალიდან ამოჰქონდათ. ექოლოკაციის აპარატი, რომელიც მათ ბუნებრივად შუბლზე აქვთ განთავსებული თითქმის მთლიანად ქონისგან შედგება. ამ ქონის ამოტუმბვის შემდგომ ვეშაპის სხეული როგორც წესი აღარ გამოიყენებოდა და ოკიანეში რჩებოდა სატივტივოდ, სწორედ ისე როგორც ეს ფილმშია ნაჩვენები პანდორას გიგანტური ჯავშნოსანი ვეშაპის მაგალითზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმიანობა ელექტრო ენერგიისა და ნათურის გამოგონების ხარჯზე შეწყდა (ვეშაპის ქონი გამოიყენებოდა მათ შორის სახლების განათებისთვის) დღესაც, იაპონიის ხელისუფლება გასცემს კვოტებს ვეშაპების რეწვაზე, რის შედეგადაც წელიწადში ასობით ვეშაპი იღუპება. ასევე რამოდენიმე კუნძულზე შემორჩენილია მათი ხოცვის ტრადიცია, ასე რომ ეს პრობლემა ჯერ კიდევ აქტუალურია.
მეორეს მხრივ ფილმში მოთხრობილი ნადირობის ეს ეპიზოდი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს ადამიანების სახეს: დამყრობლურს, მიმტაცებლურს, ეგოისტურსა და დაუნდობელს, განსაკუთრებით იმის მიმართ რისიც არ ესმით და განსაკუთრებით ეს თვისებები გვევლინება მაშინ, როდესაც ადამიანიები კუთხეშია არიან მიმწყვდეულნი.(პლანეტა დედამიწა ირუპება, პანდორა უნდა აითვისონ)
კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟი ვინც მინდა განსაკუთრებით გამოვყო და ჩემი აზრით, ვისზეც იქნება ბევრწილად აგებული შემდეგი ფილმები ეს დოქტორ გრეისის ქალიშვილია. რომელიც გრეისის ავატარში არასქესობრივი გზით ჩაისახა. დიდი ალბათობით ის ეივას და დოქტორ გრეისის ქალიშვილია. ჩასახვა ჯერ კიდევ წინა ფილმში მოხდა როდესაც სალიმ დაჭრილი გრეისი და მისი ავატარი ეივას ხესთან მიიყვანა, რომ ეივას გრეისი თავის ავატარში გადაეყვანა. როგორც გახსოვთ მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. გრეისი ეივასთან დარჩა, მაგრამ ავატარი ანაბიოზში იყო ანუ ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა. სწორედ ამ მომენტში შეიძლებოდა ეივას ჩაესახა თავისი “მესია” გრეისის ავატარში. სწორედ ამიტომ აქვს ამ ბავშს ცხოველებთან კომუნიკაციისა და მათი მართვის განსაკუთრებული უნარები. ეს კი იმას ნიშნავს რომ ეს გოგონა ეივას განსახიერებაა და შემდეგ ფილმში რელიგიური ასპექტები აუცილებლად წამოჭრება.
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ნავის ხალხის დამოკიდებულება თავისი ბუნებისა და გარემოს მიმართ. ისინი სხვა არსებებთან ერთად კი არ თანაცხოვრობენ არამედ მათ ნაწილად მიიჩნევენ თავს. ეს განსაკუთრებით ვეშაპების მიმართ დამოკიდებულებაში აისახა. ნავის და ვეშაპების შეხვედრა ნამდვილად უცხოა დედამიწელთათვის, და გარკვეულწილად გაუგებარიც კი.
ერთი წინადადების გამოყოფა მინდა მთელი ფილმიდან, რაც შეიძლება ავატარის ზოგად და მთავარ მესიჯად ჩაითვალოს. ეს ნავის ლიდერის, მაყვშვის სიტყვებია, როდესაც ბავშვებს პირველი სიმღერების წინანდელ პერიოდს ახსენებს. როგორც ირკვევა ადრე პანდორაზე აბორიგენები ერთმანეთს ხოცავდნენ იმ გააზრებამდე რომ ნებისმიერი მკვლელობა, სამართლიანიც კი იწყებდა მკვლელობათა ახალ სერიას და რომ წყლის გზა არის მიმტევებლობა და გზა რომელზეც არ არის მტერი. ამით კამერონმა გვაჩვენა, რომ მიუხედავად ტექნოლოგიური განუვითარებლობისა ნავის ხალხი თავისი შეგნებით დღევანდელ ადამიანებზე მაღლა დგას. კონტრასტი განსაკუთრებულად პოლკოვნიკთან მიმართებაში ვლინდება, რომელსაც მცირედი ემპათიის გამოხატვაც კი უჭირს აბორიგენების მიმართ, რომლებიც მას ჯეიკ სალის ადგილსამყოფელს არ უმხელენ. ნავის ხალხი არის ვაჟასთან, ალუდა ქეთელაურის თვალით უყურებენ სამყაროს და ამბობენ, რომ ნებისმიერი ვინც კი სისხლს ღვრის არ არის ჩვენთან, ანუ არ არსებობს მტერი. “წყლის გზა” არის ალუდა ქეთელაურის გზა. ძალზე უცნაურია საუკუნის შემდგომ ვაჟასთვის გაცემული ეს პასუხი აბსოლუტურად სხვა ქვეყნის რეჟისორისგან, რომელსაც დიდი ალბათობით ვაჟაზე არაფერი სმენია. თუმცა გენიოსი იმითაა გენიოსი , რომ იდეამდე მარტო მიდის. ალბათ აღნიშნულ შეგნებამდე მიღწევა, არის კაცობრიობის შემდგომი განვითარების საფუძველი და გარანტია, რამეთუ ამ შინაგანი რწმენის გარეშე მაღალგანვითარებული ტექნოლოგია ადრე თუ გვიან ურთიერთ განადგურებას გვიქადის.
რომ შევაჯამოთ, გარკვეული შაბლონური სიუჟეტების მიუხედავად კამერონის ეს ფილმი მორიგი შედევრია და როგორც წინა ავატარი ეს ავატარიც წმინდა ადამიანური ისტორიაა, თავისი პრობლემებით და ჩამყაყებული შეხედულებებით. კამერონი კი ცდილობს, რომ დაგვანახოს ალტერნატივა, პანდორასეული თანაცხოვრების, იგივე წყლის გზის და მტრობის დავიწყების ჩვენებით, რომელსაც ადამიანები არათუ აუარყოფენ, არამედ საერთოდ ვერც კი აღიქვამენ.