
თეონა დოლენჯაშვილის “მემფისი”
იშვიათია როდესაც წიგნს ორ დღეში ვკითხულობ. და აი მოსაზრება მასზე:
წიგნი სამი ნაწილისგან შედგება და სამივეს თავისი დამახასიათებელი ტემბრი და ინტონაცია აქვს.
პირველ ნაწილში მოყვანილი საკითხები ამ ქვეყნის ყოველ შვილსა თუ შვილობილს გადახდენია ამა თუ იმ ფორმით. ვფიქრობ ოთხმოცდათიანი წლების აღწერისას ნებისმიერი მწერალი ეჯახება ერთ უცნაურ მოვლენას. თვითონ ეპოქა იმდენად სურეალისტური, ტრაგიკული და ამავდროულად კომიკურია, რომ ნებისმიერი ჟანრის მწერალი ამ ეპოქის აღწერისას მარტივი მოგეჩვენებათ.(ალბათ იმიტომ, რომ ეს თემა ყველამ ვიცით, ყველამ დავიზუთხეთ. უცხოელი მკითხველისთვის კი აღმოჩენა იქნება) რადგან მწერლის ნიჭი მდგომარეობს საკითხთა კომბინირებასა და თამაშში, აღნიშნულ საკითხზე კი თამაში ადამიანურად ყველას ეძნელება, რადგან ყველანი უმცროსნი, უფროსნი ამ ტრავმის შვილები ვართ რომელსაც ოთხმოცდაათიანი ჰქვია. ის ჯერ კიდევ ბორკილებია, სულის დაღი და აწმყოს მაფორმებელი.
წიგნის მეორე ნაწილი ყველაზე თავისუფალი არეა პერსონაჟისთვის. აქ არის გარკვეული სიმსუბუქე და ცხოვრების თამაშები, რომელიც როგორც წესი კარგ მოგონებად რჩება ხოლმე. მაგრამ ეს პერიოდი ამავედროს მზადებაა ახალ ყულფში, ახალ მონობაში თავის გასაყრელად. ასეც ხდება, მთავარი პერსონაჟი მიზნების მიღწევას ამჯობინებს სიყვარულით შეპყრობილ ფრანგ ყმაწვილს. როგორც ჩანს ჩვენ ოთხმოცდაათიანი წლების უსიყვარულოდ გაზრდილები უსიყვარულობაშივე ვპოვებთ კომფორტს. მიმოიხედეთ თქვენს გარემოში და მიხვდებით რომ Teona Dolenjashvili ის პერსონაჟის არჩევანი ტრივიალურია ქართველთა ამ თაობისთვის. ვწუხვარ, მეც ასეთი ვარ. და მერე წუწუნი უსიყვარულობაზე, არ გაგებასა და მიღწეულის გადაქცევა სულისა და გულის ბორკილებად, კარცერად. როგორც ჩანს ვერ გავიზარდეთ, როგორც ჩანს ისევ გვშია!
წიგნის მესამე ნაწილი არის ის რადაც ვიქეცით. ჩვენ ერთმანეთის ხორცით ვიკვებებით, ერთმანეთის ტანჯვაზე ვაგებთ ხუხულა ბედნიერებას, ბოლოს კი ამ ბედნიერებაში უბედურებას ვპოვებთ და ვეძებთ მიზეზებს. ადამიანობა მაინც არის, სადღაც. ალბათ ეს უკანასკნელია რაც სულებს გადაგვირჩენს. არა და სწორედ ამით უნდა დაგვეწყო, ადამიანობით და მერე სხვა ყოველივე უმნიშვნელოა.ხსნა რომელიც ყველას გვინდა, ადამიანობაშია და სწორედ ამას სწავლობს, ამას ასწავლის ცხოვრება. პერსონაჟი შიგნიდან მკვდარია, სიყვარული შეუძლებელი, მაგრამ არის იმედი ადამიანობისა. და ისიც, ეს დასახიჩრებული, ფრთებდამტვრეული, თავისი და სხვისი გადაწყვეტილებების ტყვეობაში მყოფი, მაინც ცდილობს დარჩეს ადამიანად, ანუ გაუნაწილოს საკუთარი თავი უცხოს, სხვებს.
მე წიგნებს გემოთი ვაფასებ და აი რა დამრჩა: გემრიელი იყო, ზოგან გაგუდული ზოგან მოტკბო, უიმედო და იმედიანი. სიმძიმე შემსუბუქებული წერის მანერით, მეტაფორებითა და ჟანრის თამაშობებით.
ჩემთვის ეს წიგნი ტერამისუა, მსუბუქი ტექსტურით და მძიმე ყავის მძიმე გემოთი.