ოღრაშის მორალი…

aaaaaaaa

ოღრაშის მორალი…

სამარშრუტო ტაქსი. ჩვეული ადგილი. ვზივარ ბორბლის თავზედ, კენტ სავარძელში. მუხლებზე მიდევს ჩანთა. ჩვეულად მივდივარ დარბაზში. მძღოლიც ჩვეულად უჩერებს მგზავრებს, მე ყურსასმენებში, ჩაფლული ჩვეულად არ ვაქცევ ყურადღებას და ასე ჩვეულად დღეს უნდა ვივარჯიშო. უცებ უჩვეულო მოხუცი უჩვეულო ადგილას აჩერებს და ახალგაზრდა ქალს უჩვეულოდ უთმობს სამარშრუტო ტაქსში.

– აბრძანდით მშვენიერო! – ” მომესმა თუ გავიგონე, ყურსასმენები ხომ არ მოგვეხსნა?” – მივმართე ჩემს მეს, ისიც ჩვეულად დამეთანხმა.

– მადლობა! – ქალი შერცხვენით ამოკეკლუცდა თითქოს უკანალზე უპწკინესო. ჰმ ვინ იცის?! ჩამოიარეს და უჩვეულოდ ანუ მოულოდნელად ცალ ცალკე, იგივ ერთურთის განშორებით დასხდნენ, უკან, გრძელ სავარძელზე. დავიძაბე, აბა რა იქნება შემდეგ? ვკითხე ჩემს მეს. ის კი უჩვეულოდ დუმდა.

– კარგი გოგონა ჩანხარ! – განაგრძო სავარძელში მოკომფორტებულმა მოხუცმა.

– ჰმ! – კეფით ვიგრძენი როგორ შეიშმუშნა “სანადირო ხოხობი რკინის მანქანაში გამომწყვდეული”.

– ბავშვობიდან მასწავლიდნენ ქალებთან თავაზიანი უნდა იყოო, ასე გავატარე მთელი ცხოვრება, აგერ უკვე 84 წლის ვარ და ჯერ ქალისთვის არ მიწყენინებია! – ვერ ვხედავდი, მაგრამ აშკარა იყო, რომ თავისი ორღობე კბილებით დაღრეჯილ-აღტკინებულად შესციციმებდა.

– კარგია, კარგად გაუზრდიხართ! – წაიბურტყუნა ქალმა და უჩვეულო სიჩუმე ჩამოვარდა. თითქოს ყურდაცქვეტილ მგზავრებთან ერთად ძრავიც მიწყნარდა და დაძაბულ ატმოსფეროში ლივიტირდაო ჩვენი ტრანსპორტი.

– ბაბუუუ! – არავინ ელოდა ამ უჩვეულო სიტყვას, რამეთუ ბაბუას აშკარად ჰქონდა “მატორი” ადგილზე. ტემბრი იცვალა, მშობელივით მზრუნველი გახდა და სამარშრუტო ტაქსმა ერთიანად ამოისუნთქა. – მე თბილისში გაზრდილი კაცი ვარ! – განაგრძო ოღრაშმა – აი “კარენნოის” რომ ეძახიან, გაგიგია ალბათ!

– კი როგორ არა! – გაისმა წვრილი ხმა

– ადრე თბილისი სხვანაირი იყო ბაბუ, ახლა ბოდიში და ეს ჩამოთრეული ხალხი არაფერს სცემენ პატივს. ნაგავი, რომ ნაგავია იმას ყუთში კი არა ყუთის გვერდზე ყრიან, მთლა უარესი ზოგი ფანჯრიდანაც ისვრის. ვერ ისწავლა ამ ხალხმა თავისი ქვეყნის სიყვარული, აბა რა უნდა ელაპარაკო ამათ?!

– აბა, აბა! – უკვე ჩვეულად უპსუხა ქალმა

– ჰეჰ, ჰა,ჰა – რაღაცის თქმა უნდოდა და უცებ უჩვეულო ხველამ აიყოლია.

– ხომ კარგად ხართ? – გაისმა ჩვეული წვრილი ხმა.

– მა რა, ბევრ ახალგაზრდას არა ვჯობივარ?! – მიუგო უჩვეულომ სასტიკი ხველებით, რომელიც არ წყდებიდა. ქალი შეწუხდა, თითქმის მიახლოვებაც გაბედაო, ისიც უჩვეულოდ აგრძელებდა ხველას და უცებ.

– რეებს ბედავთ? – გაისმა წვრილი მაგრამ მკაცრი ხმა

– რა იყო ქალო, ხელი არ შეგხებია? – განაწყენდა უარყოფილი მოხუცი და პირი საპირისპიროდ ჰქნა.შეშფოთებული ქალი თავის ადგილს დაუბრუნდა. ისიც აშკარად სხვა მხარეს იყურებოდა.

ასე გავიარეთ რამოდენიმე დაძაბული გაჩერება და რადგან აღარაფერი ხდებოდა, ჩემმა მემ მიბრძანა ყურსასმენები ჩვეულ მდგომარეობაში დამებრუნებინა. მეც დავუჯერე, ასე მეძახის კაი ბიჭი ხარო და იმედებს ხომ ვერ გავუცრუებდი. “არქთიკ მანკის ინტრო” არ ჰქონდა დასრულებული, რომ მოხუცის უჩვეულოდ შეწუხებული ხმა უკვე შეჩვეულად მომესმა.

– ამ ხალხთან, როგორ უნდა აშენო ქვეყანა? – კითხულობდა ხმამაღლა – არაფერი უყვართ, ერთმანეთი ეზიზღებათ და ვერ იტანენ, განა ასე შეიძლება? – ქალი უკვე ჩვეულად აღარ პასუხობდა, ის კი მიუხედავად განაგრძობდა – ასე არ იყო ადრე, ეჰ სად არიან ის ჩემი მეგობრები? როდის ვისწავლით ჭკუას, ერთმანეთის სიყვარულს, წესებისა და კანონების მორჩილებას?! – ასე იძახოდა, შემდეგ სხვა ჭრელი მჭერმეტყველი სიტყვებიც გვესროლა დაუნდობლად. წამით გულწრფელად დავუწყე მოსმენა. კი ოღრაშია, მაგრამ სიმართლის მარცვალს დებს სიტყვებშითქო. არ გაჩერდა, იგრძნო რა აუდიტორიის მზერა უფრო და უფრო აღმატებული მორალით გვიმკობდა ყურებს. ვაჰ აი მოხუცი, აი კაცი, ქართველი ბაბუს ეტალონი, ოღრაში მაგრამ მართალითქო, როდესაც ბოლოში მჯდომი, საუბარ საუბრით დაიძრა, მოძრაობდა ანაზდეულად, უჩვეულოდ და გასაოცრად. ჩახტა გაჩერებაზე მგზავრობის ფულის გადაუხდელად და გაოცებული დაგვტოვა. თითქოს ამ სიტყვებით ან და თავისი ცხოვრების გზით დაიმსახურა უფასოდ მგზავრობაო, რამეთუ მისი ჭკუით ეკუთვნოდა!

სიტყვები ლიტონი აღმოჩნდა ♥️

რა საცოდავია ადამიანი, რასაც ხედავს იმას უარყოფს და ტკბილს სიტყვებში ცვლის. რა აფსურდია იმედის ქონა, როდესაც თვალწინ მაგალითი გიდევს და ეჰ, მაინც! როგორ შეიძლებოდა ეს ბაბუ ოღრაში და თან სიტყვების ერთგული ყოფილიყო?!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *