Emotional Intelligence ემოციური ინტელექტი

emotional intellect

Emotional Intelligence ემოციური ინტელექტი

აღარ მახსოვს ფრაზა “ემოციური ინტელექტი” პირველად როდის მოვისმინე, მაგრამ ცხადად მახსოვს ამ ფრაზის გააზრების მომენტი/ქრონონი. წლების წინ, გავიცანი ერთი გამორჩეული “არსება”. გოგონა, რომელიც ცდილობდა აეწყო იუთუბერის და ინფლუენსერის კარიერა. საკმაოდ ჭკვიანი და განათლებული, მაგრამ როგორც ხალხში იტყვიან “ხასიათიანი”. ჩემში იმ ჟინმა/ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა რაც ალბათ კაცობის მიღმა მეცნიერებს ახასიათებთ ხოლმე, როდესაც რაიმე უცხოს აღმოაჩენენ და ლუპის ქვეშ აკვირდებიან. მისი ქცევა, მისი ხაფანგების დადგმის მექანიზმები და ხერხები ძალზე აზარტული და ჩამთრევი რებუსი აღმოჩნდა. ასე დაიწყო ჩემი ძიება ფსიქოპატიის, სოციოპატიის, შიზოფრენიის და პიროვნების ნარცისული გართულებების სფეროში. დავიწყე ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის პროტო მეცნიურული შესწავლა. გამოძიება დაიწყო პლატონით (ხო ძალიან შორიდან დავიწყე, ასე ვიცით მეგრელბმა 🙂 ), მას მოყვა არისტოტელე, ზენონი, მარკუს ავრელიუსი, შოპენჰაუერი, ნიცჩე და ა.შ. ბევრი რომ არ გავაგრძელო ერთ ეპიზოდში ხელში მეკავა კარლ იუნგის “ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები”. სწორედ იუნგმა მომაწოდა ემოციური ინტელექტის შესახებ საფუძვლიანი მინიშნებები. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ინტელექტუალი ადამიანების სიყვარულის მექანიზმმა (როგორც ხვდებით, ამბიციურად მათ რიგებს მივაკუთვნებ საკუთარ თავს 🙂 ). იუნგის თქმით ინტელექტუალურად (IQ) განვითარებული ადამიანები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას საკუთარ ემოციურ ფონსა და ემოციების მართვის გარდაუვალ აუცილებლობას. მათთვის ემოციები მეორე ხარისხოვანია და არ ცდილობენ დახვეწონ მათ ცნობიერსა და ქვეცნობიერში შემავალი ემოციური ინფორმაციის მართვის უნარები. სწორედ ამიტომ ამ ტიპის ადამიანები ხშირ შემთხვევაში “ტრიგერდებიან” იმ ადამიანით რომელიც პირველ რიგში ცხოველურ მოთხოვნილებებს აღძრავს. ალბათ შეგიმჩნევიათ გარკვეული ტენდენცია პროფესორებს, ექიმებს და ა.შ, მათი იტნელექტისთვის უთანასწორო პარტნიორი გვერდით. მაღალი ინტელექტის ადამიანი, რომელიც ასევე არ არის მაღარალი ემოციური ინტელექტის პატრონი ხდება მარტივად მანიპულირებადი ემოციური თვალსაზრისით და ხშირად მზგავს ოჯახებში ლიდელურ პოზიციებს ის იკავებს ვისაც არა მაღალი IQ აქვს, არამედ ის ვინც უკეთესად მართავს ემოციებს, საკუთარს და სხვისას.

ამ გააზრებამ ჩემში გარკვეული წრე შეკრა, რომელის გახსნაც ზიგმუნდ ფროიდის “სექსუალობის ფსიქოლოგიის” წაკითხვისას დაიწყო. ხშირად გამკვირვებია ის ფაქტი, თუ როგორ ავსებს ამ ორი ერთმანეთს დაპირისპირებული მასწავლებლისა და მოწაფის ნაშრომები ერთმანეთს (ალფრედ ადლერიც, რა თქმა უნდა).სწორედ ამ გამოძიების, სხვისი და საკუთარი თავის კვლევის მრავალწლიან ციკლში ვიყავი როდესაც ქართულად ითარგმნა და გამოიცა დენიელ გოლმენის “ემოციური ინტელექტი”. იუნგის გავლენის ქვეშ მყოფს სხვა გზა არც მქონდა, უნდა მეყიდა და სასწრაფოდ გავცნობოდი. ასეც ვქენი, მაგრამ სასწრაფოდ წაკითხვაში ნამდვილად მოვიკოჭლე. გოლმენის წიგნი იმდენად საინტერესო და ფაქტებით დახუნძლული აღმჩნდა, რომ ჩემი კითხვის მანერასთან ერთად კატასტროფულად დიდი დრო მოითხოვა. როგორც წესი, კითხვისას ვინიშნავ საინტერესო ადგილებს, შემდგომ ვუბრუნდები და “ვგუგლავ”, რომ დამატებითი ინფორმაცია მივიღო ტექსტში მოცემულ თემაზე. ამ წიგნში კი თითქმის არ არის გვერდი სადაც რაიმე არ მოვხაზე ან არ დავაკომენტარე. დღეს გვერდით მიდევს წიგნი, რომელსაც სხვები გაფუჭებულს ეძახიან 🙂 .

ის მთლიანად ვარდისფერი მარკერითაა აჭრელებული და სხვას, რომ ვათხოვო ალბათ უკვე სხვა წიგნს წაიკითხავს ვიდრე გოლმენმა დაწერა 🙂 . ეს წიგნი იმ ბესტცელერების რიგშია, სადაც კარლ სეიგანის “კოსმოსი”, ან ძალაუფლების საკითხში მაკიაველის “პრინცი” და რობერტ გრინის ძალაუფლების 48 წესია”.

ამ ცხოვრების სიგრძის ოდენა ძიებაში, იქ სადაც ფსიქოლოგიას და ფილოსოფიას ეხები, ძალიან რთულია გვერდი აუარო ნეირო ბიოლოგიას და განსაკუთრებით ქცევითი ბიოლოგიის მიმართულებას. აქ კიდევ ერთი ვარსკვლავი შემხვდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ რობერტ საპოლსკი არსებობს. (ლექციების მოსმენა შეგიძლიათ იუთუბზე) მისი ლექციები ნამდვილი აღმოჩენაა იმის გასაგებად თუ რა განსაზღვრავს ინდივიდის ქცევებს ბიოლოგიური თვალსაზრისით. გვაქვს თუ არა არჩევანის თავისუფლება, რა არის დეპრესია, ტვინის რომელი ნაწილია სინდისზე, მორალურ ქცევებსა და ემოციების მართვაზე პასუხისმგებელი. გოლმენის წიგნი ამ ცოდნის მხარდამჭერი და შემავსებელიც აღმოჩნდა. განსაკუთრებულად ამიგდალას, ჰიპოთალამუსის, თალამუსის, თხემის წილასა და შუბლის წილს შორის ურთიერთ ბმისა და კავშირის შესახებ. რა ტიპის დარღვევა როგორ ვლინდება ცხოვრებაში და რა ნეგეატიურ გავლენას ახდენს ინდივიდის ცხოვრებაზე. წიგნში განსაკუთრებული აქცენტებია გაკეთებული ემოციური იტელექტის განვითარების აუცილებლობაზე. მითითებულია მეთოდები და გზები, თუ რომელი ასაკია უპრიანი ადამიანში ამა თუ იმ კეთილი თვისების ჩამოყალიბების ხელშესაწყობად. თუ როგორ შეიძლება ემოციური ინტელექტის ამაღლების ხარჯზე აგრესიისა და კომფლიქტების შემცირება საზოგადოებაში. განხილულია უკვე არსებული და შემუშავებული პროგრამები სკოლებსა და უნივერსიტეტებში. რაც ძალიან დიდ იმედს ტოვებს საზოგადოების ემოციური ფონის ამაღლების თვალსაზრისით. (მზგავსი ემოციური დასწავლის პროგრამები ქართული სკოლებისთვისაც შესაძლოა კარგი გამოსავალი იყოს)

წიგნი უაღესად დეტალური და ამომწურავია თავის სფეროში, მაგრამ აქვს ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი. გოლმენი მიუყვება ტენდეციას, რომლის მიხედვითაც ყველანი კეთილები და გამგებიანები უნდა იყვნენ. ანუ, ის ცდილობს ყველა გადახრა ერთ მთავარ ნაკადზე დასვას და გაასაშუალოს. ის არ ტოვებს ადგილს, როგორც კლინიკური გადახრების ასევე გენიოსობისთვის, რომელიც ასევე სტანდარტიდან გადახვევაა და ხშირ შემთხვევაში გარკვეულ ფსიქოლოგიურ დარღვევებს უკავშირდება. ეს წიგნი არ განიხილავს შემოთავაზებული გზის, ანუ ემოციური აღზრდის, დასწავლის გზის ფილოსოფიურ მხარეს და გარკვეულილად ცალმხრივია, თუმცა კეთილი.

ალბათ ერთ ერთი სამაგიდო წიგნი იქნება ცხოვრების მანძილზე. ის მშვენიერი გზამკვლევია ემოციების სამყაროში და ბევრად აადვილებს ამოცნობას ადამიანების ქცევების “პატერნებს” ქვეშ რა იმალება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანების, სიტუაციების გაგება მარტივდება და სხვა ყველა სიკეთეს თავი რომ დავანებოთ, მარტო ამ მიზეზით ღირს ამ წიგნის წაკითხვა.

გემოთი კი ეს წიგნი ალბათ ერთ რომელიმე ნამცხვარს, ან ტკბილეულს ვერ შედარდება, ის უდაოდ ტკბილეულის ასორტია 🙂 .

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *