
Anima Exodus – სულის გასახლება
„მძულს, მძულს“ – გაიფიქრებდა მარიამი როდესაც გიორგი გვერდით ჩაუვლიდა. ვეღარ იტანდა, ვეღარ უძლებდა. ან პირს როგორ აწკლაპუნებდა ან, როგორ სუნთქავდა.“ აუტანელი და საზიზღარი მოღალატე. და მე ეს უნდა ავიტანო? მე ხომ ასეთი ლამაზი ვარ, ჩემი ღალატი როგორ გაბედა?“ – იჯდა სავარძელში და ამრეზი მზერით გასცქეროდა თავის ქმარს. „მე მას დავსჯი, ისე დავსჯი რომ ცრემლები ღვაროს, ისე რომ კანკალებდეს, აგერ ნახავ თუ არა!“
გიორგი და მარიამი უკვე ათ წელზე მეტია დაოჯახდნენ. მათი ისტორია რაღაცა კუთხით, შაბლონურია იმ საზოგადოებისთვის რომელიც მორალსა და ღირსებაზე აკეთებს აქცენტს, კრძალავს ყოველივე ადამიანურსა და ცხოველურს, მიჰყვება ანაქრონისტულ ტრადიციებს და ამავდროულად ჩადის სიასტიკეს, სისაძაგლესა და ყოველგვარ გარყვნილებას. ამ ორმაგი სტანდარტების საზოგადოებაში, სადაც პირფერობა კულტურის მაღალი დონის მაჩვენებელია, შეუძლებელია ინტიმური ურთიერთობა გქონდეს საპირისპირო სქესთან ვალდებულებების გარეშე. სწორედ ასე დაიწყო ამ ორი ადამიანის დაწყვილების ისტორია.
მარიამზე ვერ იტყვი, რომ წარმატებული მოსწავლე იყო. ვერც იმას, რომ თანატოლებს შორის ნიჭიერებით ან გონიერებით გამოირჩეოდა. არც სილამაზით დაიკვეხნიდა და ვერც ვერაფრით მიიქცევდა ყურადღებას, რომ არა მისი ტემპერამენტი, მისი თვალების „ცეკვა“ და სხვების სულებზე თამაშის უნარი. ყოველ ჯერზე როცა კი თავს მარტოსულად იგრძნობდა, გავარდებოდა იმ ხალხში რომლებსაც მეგობრებად მიიჩნევდა და ახალი ავანტიურით შეიარაღებული დაადგებოდა მათ სულებსა და გონებას. ასე დაიწყო სამეგობრომ მოწევა, დალევა და ბიჭებთან გართობა. ამით ორმაგ სიამოვნებას ღებულობდა. ჯერ პროცესით, მერე რომ პროცესში სხვებიც ჩაითრია და ამით მათზე გავლენა გააძლიერა. მარიამის ამ არეულ ცხოვრებას ვერც მისი ოჯახი აბალანსებდა, უფრო მეტიც. დედ-მამის ურთიერთობა მისი სულიერი მდგომარეობის ანარეკლი იყო. სიღარიბეში მცხოვრები ოჯახი, რომელსაც მითიური, „დიადი“ წარსულის გავლენით ამბიციები ახრჩობდა და ვერ იკმაყოფილებდა, მუდმივი მტრობისა და ქიშპობის პოლიგონად იყო ქცეული. დედის ჩხუბი, ყვირილი, წივილი. მამის ბღავილი და სახეში გალაწუნების ხმა. მერე ისევ და ისევ. უცხო კაცების სიარული დედასთან სახლში მისი „მძიმე“ ცხოვრების შესამსუბუქებლად. გვერდზე ოთახში ბორგინი, კნავილის ხმა. მამის დაკარგვა თვეობით და ამ არეულობის უწყვეტი ციკლი.
მიუხედავად მუდმივი დაძაბულობისა დედისერთა მარიამს მშობლები მაქსიმალურად ანებივრებდნენ, იმ ფარგლებში რისი სიდუხჭირეც ჰქონდათ. მარიამის ნებისმიერი ქცევა, მოქმედება მართლდებოდა მრავალი მიზეზებითა და სხვებზე გადაბრალებით. მარიამი ბავშვობიდანვე მართალი იყო და არასდროს ტყდებოდა თავის დანაშაულში. ეს მისმა მშობლებმა ასწავლეს, მიაჩვიეს და დაამახსოვრეს. მხარდაჭერით მშობლები ცდილობდნენ დაებალანსებინათ ის ფინანსური პრობლემები, რომლის გამოც მარიამს მათთვის საოცნებო გარემოს ვერ უქმნიდნენ. თუმცა დროთა განმავლობაში, ფეხზე წამოდგნენ და გათავხედებულ შვილს ერთი პერიოდი ოჯახის შენახვაშიც ეხმარებოდნენ.
მეორეს მხრივ არც გიორგის ცხოვრება ყვაოდა იმ ჭრელი და ლამაზი ფერებით როგორითაც უნდა კაშკაშებდეს ახალგაზრდის ცხოვრება. მამა უნივერსიტეტის პროფესორი დედა სკოლის მასწავლებელი. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული, სტაბილური ოჯახის ბინადარი გახლდათ სამეგობრო წრე დიდად არ უწყობდა ხელს მისი, როგორც სტაბულურ და გაწონასწორებულ ადამიანად ჩამოსაყალიბებლად. ქუჩის ბიჭები, მუდმივი გარჩევები, ვიღაცის ქვეშ სიარული, ფულის გატანა სახლიდან, ხშირი დალევები გიორგის ცხოვრების ამ კონკრეტული მომენტის თანდაყოლილი იყო.
დიდი ამბავი არ დასჭირვებია ამ ორის შეყრას. მარიამმა თვალის ორ დაბრიალებაში აიყოლია გიორგი და ასე დაფეხმძიმდა. თავიდან მარიამი მშობლებს უმალავდა, შემდგომ კი უშედეგო აბორტის მცდელობისას, ყველამ გაიგო, რომ მარიამმა საზოგადოდ „სირცხვილი ჭამა“. ამ ამბის გასაჯაროების შემდეგ მარიამის მშობლები შეხვდნენ გიორგის მშობლებს და ასე შეიქმნა ოჯახი რომელზეც ახლა გითხრობთ.
მარიამს არც არასდროს შეეძლო დიდი სიყვარული ჩაედო გულში. ეგონა, რომ გრძნობდა, მაგრამ უფრო აწყობდა. როგორც იქნა მოშორდა მშობლების ტოქსიურ ურთიერთობას. არც გიორგი ჩანდა ცუდი ბიჭი და იქნებ გამოსვლოდა. იქნებ გაეგო ბედნიერი ცხოვრების არსი. გიორგის კი შეუყვარდა. ძალიან შეუყვარდა თავისი გოგონა და ნელ ნელა მეუღლისთვის ისეთი რომანტიული რამეების გაკეთება დაიწყო რის რესურსსაც მანამდე თავის თავში ვერ ხედავდა. გიორგის ქცევებმა და დამოკიდებულებამ მარიამში სითბო და სიმპათია გამოიწვია. ერთ დღესაც მან თავისი თავი დაარწმუნა, რომ უყვარდა, რომ ეს იყო „ის“ სიყვარული და სხვანაირი არ არსებობდა. ასე გავიდა წლები, ბავშვი იზრდებოდა, ცხოვრება მიდიოდა, მაგრამ მარიამის გულს ღრღნიდა ეჭვი, რომ ეს არ იყო ცხოვრება, რომელზეც ოცნებობდა და არც კაცი იყო მისი შესაფერისი. მან ნელა ნელა გვერდებზე თვალების ცეცებას მიჰყო, გაცივდა ქმრის მიმართ და მანიპულაციებს უმატა. მან შეიძლება ეს განძრახ არა, მაგრამ საბოლოოდ გიორგი ლეჩაქად აქცია და ისე გააუფასურა, რომ თავისუფლად, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე შეეძლო სხვა კაცებთან ფლირტი. ღირსება შელახული გიორგი ხან რა მეთოდს მიმართავდა ხან რას. ცდილობდა დაერწმუნებინა, ცდილობდა შეეშინებინა, ცდილობდა გული მოეგო, მაგრამ მარიამი თავის გართობებზე უარს ვერ ამბობდა. გიორგის ღალატის ფაქტი არ ჰქონია თუმცა კი ტენდენციას აშკარად ამჩნევდა. ასე გაგრძელდა წლები,როდესაც გიორგის ცხოვრებაში გამოჩნდა ლალი. რომელმაც ის სითბო და სიყვარული, უფრო მეტად ის აღფრთოვანება აჩუქა რც მარიამმა წლების განმავლოვობაში, ვერ ან არ.
ხიდი ჩატყდა. ოჯახი ორ მტრულ ბანაკად დაიყო. მაგრამ ამ დროისთვის გიორგიმ მარიფათი გამოიჩინა, გაძვრა გამოძვრა. სახლში დაკარგული ღირსება საქმეში სასიკეთო გამოდგა და თავის დახრა არ გასჭირვებია დიდი ბატონებისთვის. სხვა გზა არც ჰქონია. ან ასე ან ოჯახს დაკარგავდა. საჩოთირო მაგრამ შემოსავლიანი სამსახური იშოვა და სიღარიბეში გაზრდილი მარიამისთვის შემოსავალი, ანუ ცხოვრების ახალი სტილი მეტად სასიამოვნო აღმოჩნდა. მოგზაურობები, სასტუმროები, ახალი მანქანები ის ყველაფერი რაზეც ამდენ ხანს ოცნებობდა. თითქოს ყველაფერი დალაგდა, თითქოს შეიძლებოდა ცხოვრების გაგრძელება, თითქოს კარგი კომპენსაცია მიიღო, მაგრამ არა. წლების მანძილზე ნაგროვებმა იმედგაცრუებამ ნალექი დატოვა და ზემოდან მოყრილმა კეთილდღეობამ ვერ გადაფარა წარსულის ნიადაგი. მარიამი უკმაყოფილო იყო, უკმაყოფილო თავისი ცხოვრებით, ქმრით შვილით, დედით მამით და რა საკვირველია თავისი თავით. შვილი, შვილიც კი რომელიც დედას გარდაუვლად უნდა უყვარდეს, ვიღაც უცხო, ვიღაცის იყო და არა მისი. კი ბავშვის სახეზე ცხადად ხედავდა საკუთარი გენების ანარეკლს, მაგრამ ის არ იყო იმ იდალიზირებული სიყვარულის ნაყოფი, რომელზეც ბავშვობაში საბნის ქეშ ნატრობდა. მხსნელს, მაშველს იდეალურ მანათობელს, რომელიც დაიცავდა შეიფარებდა. განსაკუთრებით საკუთარი თავისგან, საკუთარი ზიზღისგან სხვების, და სხვების ცხოვრების მიმართ და ამვდროულად მისცემდა ქმედების თავისუფლებას. გიორგი კი ჩვეულებრივი იყო, მომთმენი, ემოციურად უტყვი და მუდმივად მომლოდინე, მომლოდინე სითბოსი, რომელიც მარიამს არ შეეძლო. მას ეს არასდროს შეეძლო, ის მისთვის არავის უნახებია, არავის უსწავლებია, არავის ეცალა მისი სულიერი ხიზნების დასაშოშმინებლად ახლა კი მას არ ეცალა არავისთვის. ეს არ იყო შურისძიება მიმართული გიორგის მიმართ, ეს იყო შურისძიება მიმართული ცხოვრებას, მიმართული საკუთარ თავს, საკუთარ უუნარობას უყვარდეს და იყოს იდეალური სიყვარულის სუბიექტი.
მან იცნო რა გიორგის მოთხოვნილება იყოს სითბოსა და გაგებაში, საჭიროებისამებრ აწვდიდა, რომ რესურსთან ჰქონოდა წვდომა. ეს იყო თამაში, ეს იყო მოკატუნება, რომელიც ხშირად ავიწყდებოდა და ისევ გულგრილობაში გადასდიოდა. ამ ემოციური აიწონა დაიწონაში გიორგი თავს ჯერ დამნაშავედ გრძნობდა, გამოსწორების მცდელობის მარცხის შემდეგ კი იმედგაცრუებულად: „გიყვარვარ?“ – ეკითხებოდა. „კი“- პასუხობდა მარიამი. „სად?“, „აი აქ!“ – მიუთითებდა გულზე მაგრამ სიმართლე, რომ ეთქვა თითი საფულისკენ წავიდოდა და არა საგულისკენ.
სამსახურში მარიამს იცნობდნენ ქალად, რომელიც თავისუფლად იქცეოდა. რომლის ქმარიც თავის ადგილას არ იდგა. ქალად, რომელიც პატივს არ სცემდა არც თავს და შესაბამისად არც არვის. კლინიკაში სადაც მუშაობდა, არ იყო „მამრი“ თანამშრომელი, რომელსაც პატიოსნობისთვის მიუღებელი რამ არ ეკადრებინა მისთვის. მიუხედავად ის შეურაცყოფილად არ თვლიდა თავს, პირიქით თამაშის ნაწილი იყო, რომლის მიზანსაც ამა თუ იმ ჯეელის თითზე დახვევას და მის ემოციურ გაწურვას ისახავდა. ასე ერთობოდა მარიამი კაცებით. მინიშნებებით, რომ იმედი არსებობდა აპამპულავებდა და შემდგომ იშორებდა. ერთდროულად იღებდა ემოციას, რომელიც გიორგისთან აკლდა და მეორეს მხრივ ამ მათხოვარ კაცებზე გრძნობდა ძალაუფლებას. იდეალური სიყვარულის ძიებაში ფიზიკურად მხოლოდ ერთხელ უღალატა ქმარს, ემოციურად კი უსაზღვროდ ბევრჯერ. ეს ფიზიკური ღალატიც ძალიან ძვირად დაუჯდა. აყოყოჩებული ჯეელი არ ეშვებოდა და გასაქანს არ აძლევდა. ეს ამბავი გიორგის ყურამდეც მივიდა. სკანდალის ბოლოს ოჯახის დანგრევა მოახლოვდა. გიორგის მოთმენასაც ჰქონდასაზღვარი, მაგრამ მარიამი ასე უაზროდ არ აპირებდა რესურსთან გაყრას.მეორედ დაფეხმძიმდა. გიორგი ფეხმძიმე ცოლს ვეღარ მიატოვებდა. ამასთან თვითონაც ჰყავდა საყვარელი და დანაშაულსაც გრძნობდა.
ასე მოხდა მეორედაც, როდესაც მესამე შვილი გაუჩინა გიორგის. ამჯერად კითხვაც ისმოდა, იყო თუ არა გიორგისი. მაგრამ წლების მანძილზე ნანახმა და გაგონილმა გიორგის ბრძოლისუნარიონობა მიწაზე დაანარცხა, ისე, რომ ფეხზე ვეღარასოდეს წამოდგებოდა სანამ მარიამის გვერდით იყო. მარიამი კი იდეალური სიყვარულისა და პარტნიორის ძიებაში ახალ თავგადასავლებში ეფლობოდა. წინა ისტორიის გადამკიდეს სამსახურის გამოცვლა მოუწია. რამოდენიმე ხანი ინარჩუნა კდევამოსილება, ღირსების იმიტაცია, მაგრამ შემდეგ მოეშვა და ძველ მეთოდებს დაუბრუნდა.
გიორგი ეკითხებოდა თავის თავს და ვერ პოულობდა პასუხს, თუ რას აკეთებდა ამ ქალთან, რატომ ვერ შორდებოდა. მიზეზების ჩამოთვლის ბოლოს მიაგნებდა ხოლმე სიმართლეს, რომ უნიათო და უხერხემლო იყო, რომ წლების მანძილზე დაჩაჩანაკდა, დაუძლურდა და ვეღარ უწევდა წინააღმდეგობას. მერე კი ისევ აარიდებდა ამ პასუხს თავს და ბანალური მიზეზებით ნუგეშდებოდა. ხომ იყო ბედნიერი მომენტებიც. ძალიან ცოტა, ძალიან მცირე, თითზე ჩამოსათვლელი მაგრამ ხომ იყო. ოჯახი შვილები და ა.შ. ისიც ცხადი იყო, თუ რა აკავებდა მარიამს, იმაზეც ეფიქრებოდა, რომ შეიძლება არც არასდროს ყვარებოდა მას, მაგრამ ცხოვრებამ განვლო, ამ ქალის გვერდით განვლო, გაიარა და ახლა განვლილი გზა შეცდომად მოსჩანდა. უმძიმდა ხაზი გადაესვა მისი ცხოვრების ოცი წლისთვის. შეგუება იმ აზრთან, რომ დამთავრდა, რომ აჯობებს ეს ქალი სხვისი პრობლემა გახდეს, ვიდრე კუბომდე ზიდოს ერთგვარ ხსნად ევლინებოდა, მაგრამ მერე ისევ ნებდებოდა, ისევ ეშვებოდა და სახლში დაბრუნებული შუბლზე კოცნიდა, როგორც ვინმე ძვირფასს.
ამჯერად ნანა, ნანა იყო მისი თავშესაფარი. ყოფილი ძმაკაცის ყოფილი მეუღლე. კვირაში ორჯერ საწოლიდან წამომდგარნი, ყავის წრუპვისას ანუგეშებდნენ ერთმანეთს. უზიარებდნენ იმ გამოცდილებას, რაც დააგროვეს და ეცოდებოდათ, საშინლად ეცოდებოდათ საკუთარი თავი. თითქოს ერთმა გაჭირვებამ შეყარე და დააკავშირა ბედნიერების მაძიებელი მოხეტიალე სულები. იყო კი მათ შორის სიყვარული? ალბათ ნაკლებად, მაგრამ გაგება ნამდვილად სუფევდა.
მარიამი კი თავისი იდეალური სიყვარულის ძიებაში იმდენ კაცს მისცა უკადრებელის უფლება, რომ აღარც მათი სახეები ახსოვდა და სახელები ხომ მითუმეტეს. „ვინ ვის ჯობია? მსჯობს მსჯობი არ დაელევა! და თუ ასეა იქნებ გართობა ჯობდეს მიუღწეველის ძიებას?“ – ამ აზრზე გამოიჭერდა თავის თავს და მერე სასწრაფოდ უარყოფდა. რადგან არსებობდა მისი მეორე მე, ალტერნატიული მარიამი, რომელსაც სურდა საზოგადო პატივისცემა და კეთილი მოპყრობა. როგორ შეათავსებდა ამ უკიდურესად ანტაგონისტურ სურვილებს? ვერა, ვერ შეათავსებდა! და ამიტომაც ტანჯავდა დანაშაულის გრძნობა დაკარგული იმიჯის გამო. გრძნობდა, რომ მის მიმართ პატივიცსება, საკუთარი უთავმოყვარეობის ფონზე ილეოდა და საზოგადოების მხრიდან მის მიმართ ტოტალურ გულგრილობაში გადაიზარდა. მაგრამ ყურადღება არ აკლდა იმ კაცებისგან, რომლებიც დაბალი ღობით სარგებლობის იმედად, საკუთარ უსუსურობას ვერ უწევდნენ წინააღმდეგობას. და დაქალები, რომელთათვის უბრალო ინტერესის სფერო იყო მარიამის პირადი ცხოვრება. შიდა სამზარეულოს ცოდნით რაღაც დონეზე განიცდიდნენ ზნედაცემულობის ხიბლს, ისე რომ მათი ნათელი ხატება არ შელახულიყო.
როგორც წესი თავდაპირველად მარიამი „მსხვერპლისგან“ შორს იჭერდა თავს, როცა კი მარტოობის შეგრძნება დაჯაბნიდა, ახლოს მოუშვებდა ჰარამხანის წევრთაგან ვინმეს. გვერდით ამოიჩრიდა რომელიმე დაქალს, რომ ჯეელს ზედმეტი ნაადრევად არ გაებედა. ხანდახან დაქალიც უწყობდა ხელს. საუბარში ჩაითრევდა ჯეელს რომ იქ სადაც იჯდა მარიამი მაგიდაზე, სუფრაზე, სავარძელში მოეთავსებინა ყმაწვილი. მარიამი კი პრეტენდენტის დანახვაზე დნებოდა, იღვენთებოდა და კანკალებდა თითქოს კაცი პირველად ენახა. დაქალი ამ სანახობიდან ორმაგ მოგებას ნახულობდა. „ქუქოლდის“ როლში მყოფი ტკბებოდა სანახაობით, ხოლო როდესაც მარიამი ამ ჯეელს ნახმარი ნასკივით მოიშორებდა, დატანჯული ყმაწვილის წვალება ერთგვარი შურისძიება იყო ზოგადად კაცების მოდგმაზე. თითქოს მარიამის ხელით იმარჯვებდა მათზე და იყუჩებდა მიუღწეველ წყურვილს. თუ დაქალთაგან არავინ იყო საშველად დაუძახებდა, მესიჯად მისწერდა და ისინიც დიდის ენთუზიაზმით ერთვებოდნენ პროცესში. ასე ქმნიდა მიჯაჭულობას და ბრიყვთა ჰარამხანა იზრდებოდა და იზრდებოდა. მარიამისთვის ყველანი შავი მასა იყვნენ. ის კი, აი ის იდეალური, რომელიც ამ ციკლიდან დაიხსნიდა, საკუთარ თავს შეაყვარებდა არა და არ ჩანდა.
იჯდა მარიამი, იხსენებდა პირველ ღალატს, რომელიც შურისძიების მიზნით ჩაიდინა. შურისძიება, ოჰ ეს შურისძიება. სწორედ ეს იყო ყველაზე სასიამოვნო და ტკბილი განცდა. თვალი თვალის წილ, პრინციპით ცხივრობდა. პატარასაც არ გააპარებდა, არ დათმობდა და ამიტომაც ორი ღერა თუ იყო ის რიცხვი ვისაც მეგობარს დაუძახებდა. მის გვერდით მხოლოდ ისინი რჩებოდნენ, ვისაც ასევე შეეძლო შურისძიებით ეცხოვრა. მარიამი ქმარს ღალატს ვერ გაუტარებდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ იყო დამნაშავე, რადგან ყველა დამნაშავეა მის გარდა. ქმარს ისევე უნდა ტკენოდა როგორც მას. მაგრამ ეტკინა კი? არა, უფრო პრინციპის ამბავი იყო? არა. მაშ რა? მან მიიღო ლიცენზია ეღალატა და აი ისიც, ჰარამხანის წევრი კლინიკის მთავარი ექიმი და სასუწარკვეთილი მოტრფიალე მარიამის გრძელი ფეხებისა, რომელთა გადაშლაზეც დღე და ღამე ოცნებობდა. მეორეს მხრივ კი მარიამისთვის შესაძლებლობა კლინიკაში ფესვები გაედგა.
საწოლიდან ამდგარმა თავი საშინლად იგრძნო. იმ წამსვე შეზიზღდა საკუთარი თავი და საკუთარი მე.. აბაზანაში დიდხანს ქვითინებდა. თითქოს დაუგეგმავად ქალიშვილობა დაეკარგოს. ქალიშვილობა არა, მაგრამ მისი სულის ბოლო უმწიკლო ნატეხიც გაშავდა. ფეხზე წამოდგა, სარკეში ჩაიხედა, თავს შესძახა, რომ ასე იყო საჭირო და სული მოკვდა. მას შემდეგ მარიამს საკუთარ თავში სული აღარ უგვრძნია, იყო მხოლოდ ხორცი და მისი მოთხოვნილებები.
„ასე ცხოვრობს ბევრი, ასე შეიძლება ცხოვრებამ ჩაიაროს და მერე რა? განა არ შეიძლება ასე ცხოვრება? შეიძლება, შეიძლება და ამის მაგალითი ვარ მე“ – ამბობდა მარიამი, როცა კი რაიმე სინდისს შეახსენებდა. მაგრამ იმ იდეალური სიყვარულისთვის რომლისკენაც მიილტვოდა მზად უნდა იყო, უნდა შეესაბამებოდე და აი ამ ტესტის დროც დადგა.
მარიამი ამ მანიპულაციებით გამობრძმედილი, თავდაჯერებას კაცის წინასე არასდროს კარგადა, მაგრამ მშვენივრად ახერხებდა ყოყმანობის იმიტაციას. დარწმუნებული იყო, რომ ზუსტად იცოდა რა სურდა მამაკაცს და ამ მომენტუმს სათავისოდ იყენებდა. უარს არ ამბობდა ფლირტზე ან მოფერებაზე. თუ კანდიდატი გაცივდებოდა, მიმართავდა ხრიკებს. თავს იკატუნებდა, როგორც დაუცველი, როგორც უმწეო და კაცს საჭიროდ აგრძნობინებდა თავს. ამ გზით გამოაფხიზლებდა მის მიმართ ინტერესს და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. მრავალჯერ გაუმართლა ამ მექანიზმმა და ბოლო ეტაპზე, კაცების ხვეწნა-მუდარა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. სწორედ ეს სჭირდებოდა მარიამს საკუთარი დაცემული თვითშეფასების ასამაღლებლად, უპირატესობის მისაღწევად და მოპოვებული ძალაუფლებით დასატკბობად. ოჰ, რამხელა სიამოვნებაა იმაში, როდესაც ვინმე დირექტორად, უფროსად, მოვლენილი, მდგომი მუხლებზე გეხვეწება და გემუდარება. გიმტკიცებს სიყვარულს, ათასგვარს გპირდება. ამხელა ძალაუფლება მას ვერასოდეს ექნებოდა სხვა გზებით, პიროვნული ანდა კარიერული წინსვლით. როგორც კი კაცი ხვეწნაზე გადავიდოდა, ანუ მისი თქმით „დაიწვებოდა“, იგრძნობდა შეყვარებულობას, მარიამი წყვეტდა თამაშს და კაცის წვალებით ტკბებოდა, სანამ საბოლოოდ მოიშორებდა მას.
ეს სისტემა თითქმის უნაკლოდ მუშაობდა და შედეგებიც დიდ სიამოვნებას ანიჭებდა, მაგრამ ერთხელაც მექანიზმმა არ იმუშავა. არ იმუშავა და ბევრი კითხვები დატოვა. გაუგებარი იყო მარიამისთვის მისი ქმედებები რატომ არ ახდენდა გავლენას, მიუხედავდ იმისა, რომ ჯეელი მას თამაშში აყვა. რა იყო ამისი მიზეზეი? რა იყო ამ ყმაწვილში განსაკუთრებული, რომ სხვებივით არ იქცეოდა. ბევრი კითხვები უტრიალებდა მარიამს და ფიქრებს შეყვა. ეს უჩვეულო იყო მისთვის. რაც უფრო მეტს ცდილობდა არ ეფიქრა, მით უფრო მეტს ფიქრობდა. ხან საუკეთესო იყო, ხანაც ყველაზე საშინელი ადამიანი, რომელიც კი მას შეხვედროდა. ხან ვერ იტანდა, ხანაც რაღაც გაუგებრობას გრძნობდა მის მიართ. ამიტომ გადაწყვიტა შური ეძია, ისე როგორც ადრე იძია გიორგიზე და ახალი კანდიდატებით სცადა გადაეფარა ღრმული, რომელიც ამ ჯეელის გულგრილობამ დაუტოვა. იფიქრა რომ ისევ გამოძვრებოდა, ასე აეჭვიანებდა, ასე გულს ატკენდა და საკუთარი თავის განადგურებას მიჰყვა. იმდენად შეყვა ამ ახალ თამაშს, რომ ის ზღვრებიც გადალახა, რომელთა გადალახვასაც მანამდე თავს არიდებდა. ცოტაც და საზოგადოდ დამატებით იარლიყებს აიკიდებდა. თამაში ზედმეტად ძვირი დაუჯდა. განვლო თვეებმა, წლებმა და ვერა მექანიზმმა გაჭრა. ვერც ეშვებოდა, არც გამოსდიოდა, რადგან გრძნობდა ჯეელის გრძნობებს და მაინც არ მუშაობდა მისი მექანიზმები. სცადა, რომ გამოსწორებულიყო, სცადა მიდგომის შეცვლა. გაპატიოსნდა, გაჯანსაღდა, მაგრამ ტყუილი იყო. ხანდისხან მაინც ვერ უძლებდა ცდუნებას ვინმე სიყვარულის მათხოვრით არ გართობილიყო. ისევ მოეშვა ჭანჭიკები. მარიამი რასაც ვერ ღალატობდა იყო ღალატი, გზა რომლითაც ცხოვრებაში ყველაზე მეტ სიამოვნებას ღებულობდა. სახლში კი ყველაფერი ისევ ისე ოყო. ანუ ცუდად, ანუ უვარგისად, მაგრამ მაინც ერთად.
გონებაში ჯეელს თავის ქმარს ადარებდა, სიმაღლეს სიგანეს, გონს, ცოდნას, ხასიათს და ხვდებოდა, რომ ქმრის ადგილს ჯეელი იკავებდა. რა ექნა, თავი დაეხარა, ეღიარებინა? მაშინ ის ყველაზე სუსტ პოზიციაში აღმოჩნდებოდა, ანუ შეყვარებული, ანუ სხვაზე დამოკიდებული. მიიღებდა კი ჯეელი მის სიყვარულს, მიიღებდა კი მას შემდეგ რაც „ხასიათი“ გამოავლინა? ალბათ არა. რა უნდა ექნა? ამ ამბავს სხვასც ვერ მოუყვებოდა, არ იყო ნუგეში არსაით და იმედი, გამოსავალი. დაქალებში ხომ კაცების მჩაგვრელად ითვლებოდა. ასე გადიოდა ხანი. მარიამი საკუთარ წვენში იხარშებოდა. ბოლოს და ბოლოს იპოვა ის ვისაც გულით შეიყვარებდა, ვინც ტკივილის გზით, მაგრამ სული აპოვნინა, დაუბრუნა და მარიამი არ აღმოჩნდა მზად, რადგან ვერ ელეოდა, ვერც სიყვარულს, ვერც ქმრის ქონებას და ვერც გართობის მისეულ გზას. განსაკუთრებით კი ბოლოს.
მიტოვებულობის შეგრძნება აუტანელი იყო და ჩასაცხრობად ხან ერთს წაეფლირტავებოდა ხანაც მეორეს. ახალი მეგობრების შეძენა სცადა, მაგრამ მისი ტემპერამენტის ადამიანს ცოტა თუ აყვებოდა, გაუგებდა და დარჩებოდა. გარე გარე დადიოდა, რადგან ჯეელის გულცივობა მისი სიმარტოვის გამაძლიერებელი და მუდმივი წყარო გახდა. მრვალჯერ სცადა ნაცნობი გზა, გაუფასურებინა დაეკნინებინა, გაეფუჭბინა ყმაწვილის ხატება მის სულში. ყოველ ჯერზე როცა კი ფიქრობდა, აი უკვე მორჩა, აი უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, მოდუნდებოდა და სწორედ ამ მოდუნების პირას იწყებდა გონება ჩარხის, ბურღის, ტანჯვის ხმით ახალი წარმოსახვების გენერაციას, ახალი სურვილებისა და ძველების გახსენებას. და რაც უფრო ცდილობდა დაევიწყებინა მით უფრო ნათელი იყო, ცხადი არილი სიყვარულისა. ამიტომ გაამძაფრა გააძლიერა თამაში, ხან ვის მიაპყრო ყურადღება და ხანაც ვის. იმათაც კი ვისაც ადრე ზედაც არ დახედავდა და უყურებდა, უყურებდა იტანჯებოდა თუ არა მისი რჩეული. როცა ეხებოდნენ, როცა ეთამაშებოდნენ რას გრძნობდა ის, იყო გადამწყვეტი გასაგებად მისი გრძნობებისა. ჯეელი კი ყოველ ჯერზე უფრო და უფრო შორდებოდა. ალგორითმი არ მუშაობდა, არ მუშაობდა ის რაც მუშაობდა სხვებთან, დათოსთან, გიასთან, კახასთან… და მის ქმართან გივიკოსთან. სხვა გზა კი იყო აღიარება ანუ კედელი, ანუ გადაულახავი რამ და შიში უარყოფისა, იმ უარყოფისა რომლითაც ასე ხშირად აჯილდოვებდა სხვებს.
- გცალია? – ჰკითხა მან
- რისთვის?
- მინდა გელაპარაკო!
- ვერ ვხვდები რისთვის!
მარიამი გაშეშდა, არ იცოდა როგორ უნდა გაგრძელებულიყო დიალოგი, როგორ გადაელახა აღმართული კედელი. უეცრად შიშმა დაძლია და უსიტყვოდ გაბრუნდა. ძალების მოსაკრებად რამოდენიმე დღე დასჭირდა. - შეიძლება ყურადღება მომაქციო?
- რისთვის? – გაისმა ნაცნობი კითხვა, ნაცნობ ტონალობაში.
- გამომყევი და გაიგებ! – უპასუხა მბრძანებლური მაგრამ დამფრთხალი ხმით.
- მე შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს!
- გაქვს, რატომ შვები ამას?
- რას?
- გინდა მახვეწნინო?
- მე შენგან არაფერი მინდა!
- კარგი, მშვიდობით!
- მშვიდობით!
მარიამი გაბრუნდა, მაგრამ ამჯერად ორ ნაბიჯში გაჩერდა. ზიზღმა აიტანა, თავისივე უძლურობის ზიზღმა, თავისივე დაძაბუნების აუტანელმა სიმძიმემ გააშეშა და გააშრო. - შენ ადგები და გამომყვები! – უბრძანა მას
- არა!
- საკმარისია, შენ მშვენივრად იცი თუ რაზე უნდა გელაპარაკო, შენ მშვენივრად იცი რაც ხდება!
- ჰმ!
- რა გინდა ასე საჯაროდ ვიყვირო, გინდა შეგარცხვინო?!
- შენ მე ბევრჯერ შემარცხვინე, არც ყვირილი დაგიკლია თავის დროზე და არ მაინტერესებს, თუ რა გაქვს იქ!
- კარგი მაშინი ვიყვირებ! – მარიამმა პირი დააღო და ხმის ამოღება როგორც კი სცადა მაშინვე არჩილის ხელი აეფარა.
- რა დღეში ხარ?
- ცუდში! – მიუგო მან და მთელი ქალური სინაზე გდმოაფრქვია, ის რის გამოც თავის დროზე არჩილმა შეიყვარა.
- ნუ მანიმპულირებ!
- აღარ!
- რა გინდა?
- შენ!
- რისთვის?
- ვილაპარაკოთ!
არჩილმა ხელი გაუშვა და განზე გადგა. - გიყვარვარ?
- კი!
- კარგი ვილაპარაკოთ!
დერეფანი დუმილით გაიარა, თითქოს ზურგზე გარდაცვლილი ეკიდა და სადღაც მიასვენებდა. იგრძნობოდა სიკვდილი, სიკვდილი ნდომისა და ურთიერთ დანდობისა. - გისმენ! – გააჩერა არჩილმა
- აღარ მინდა ასე გაგრძელება!
- როგორ?
- აი ასე, არ მელაპარაკები, ზურგს მაქცევ. შენს გვერდით ვეღარ ვჯდები, ვეღარც ვდგები, ვეღარც ვლაპარაკობ. როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას?
- უსასრულოდ, არ მაქვს პრობლემა!
- რატომ შვები ამას?
- მინდა შენგან შორს ვიყო!
- დაგიშავე რამე?
- კი, შენ ჩემში შენი თავი მოკალი, რწმენა და ნდობა!
- ხომ იცოდი, რომ ქმარი მყავდა?
- კი!
- მაშინ რა გინდოდა?
- შენ თავი ისე წარმოჩინე, რომ ხსნა გჭირდებოდა, თურმე ეს სატყუარა იყო!
- მე შენ არ მომიტყუებიხარ!
- განა?
- არასდროს! მე ის ვარ რაც ვარ.
- ახლაც კი იტყუები!
- რას?
- რომ გიყვარვარ, მე ეს კითხვა შენ მეორეჯერ დაგისვი წინაზე სხვ პასუხი გამეცი!
- ხომ შეიძლებოდა, რომ ახლა შემყვარებოდი!
- მე ვიცი როდიდან გიყვარვარ. როცა უარი მითხარი მაშინაც გიყვარდი და ახლაც. მაგრამ მაშინ გართობა გინდოდა, უკეთესის იმედმა დაგაბრმავა, ახლა კი ისევ დამნაშავე გამოგყავარ!
- რაღაცები მეც დავაშავე!
- რაღაცები? მანიპულაცია, სასიყვარულო სამკუთხედში ჩემი ჩათრევის მცდელობა, ყოველ გამვლელთან ფლირტი, მათთან განმარტოვება, ჩვენი ურთიერთობის მუდმივი დივერსია. შენ ამას რაღაცებს ეძახი?
- არ იყო ეგ ეგრე!
- აბა როგორ?
- უბრალოდ ვმეგობრობდი!
- შენ ყველას ვისაც შენთან დაწოლა უნდა მგონი მეგობარს ეძახი!
- ნუ ბოდიალობ!
- ანუ ვერ გამიგია, ვერ დამინახია, ასეა?
- მე შენს წინააღმდეგ არაფერი გამიკეთებია!
- ანუ არ მებრძვი, არ ებრძოდი ჩვენს ურთიერთობას?
- საიდან მოიტანე?
- ქალბატონო, მგონი თქვენ სიყვარული ბრძოლის გარეშე არ შეგიძლიათ. უფრო სწორად ვინც გიყვართ მას ისე ექცევით როგორც მტერს.
- არა! – გაჯიუტდა მარიამი და ბავშვური, ნაწყენი სახე მიიღო.
- ახლა, ამდენი წლის მერეც ისრებს ჩემკენ უმიზნებ. არ მინდა, აღარ მინდა ამ ავანტიურაში ყოფნა. მე წავედი, იმედს ვიტოვებ, რომ ოდესმე გაიზრდები. – არჩილმა სწრაფი ნაბიჯებით დატოვა. მარიამი კი სახტად გაშეშებული უყრებდა უბნის კუთხეში არჩილის გამქრალ ნაკვალევს.
სახლში მისულს ქმარი არ დახვდა, მაგრამ ვის ადარდებდა. დედამთილს გადაურეკა და ბავშვები მასთან გაამწესა. მარტო უნდოდა დარჩენა. ისე მარტო როგორც გრძნობდა თავს. გიორგი იმ საღამოს არ გამოჩნდა, აგვიანებდა. აივანზე ჩამომჯდარი მარიამი, ვისკის წრუპავდა და თბილისის ხედს შესსცქეროდა. ანძა საახალწოდ გაენათებინათ და მრავალ ფერში ციმციმებდა. შორს ტყვიის ფერი ღრუბლები ზამთრის შეგრძნებას აძლიერებდა და საბანმოხვეული ვისკის მოწრუპავდა. ასე იჯდა მთელი ღამე და ფიქრობდა და ოცნებობდა და ეჩხუბებოდა საკუთარ თავს, ვერ პატიობდა ამ მარცხს. შურისძიება სწყუროდა. უნდოდა დაეტანჯა, გაეთელა და გაენადგურებინა მისი სიყვარულის სუბიექტი. მეორე წამს კი ისევ მასთან ყოფნა წყუროდა. აღარც ქმარი ახსოვდა, აღარც შვილები, აღარც ტრაფარეტული სინდისი. ან ვის სჭირდება ეს სინდისი, ამ მოკლე და უსამართლო ცხოვრებაში. განა გაგვყვება რა?! ვის ემახსოვრება ერთი ჩვეულებრივი მოკვდავის სიცოცხლე, ვის გაახსენდება როგორ იქცეოდა, როგორ უყვარდა, როგორ კვდებოდა იმ ერთადერთის გარეშე. ჯანდაბას ყველაფერი, ჯანდაბას ასე არ იქნეაბა, ასე ვერ მოხდება. მან იპოვა საკუთარი ოცნება, საკუთარი სურვილი და თვითონვე გაფანტა დაფშვნა და გაანადგურა. რა იქნებოდა შემდეგ? ასე დაკიდებულს, გამოკიდებულს და დაუძლურებულს იმ საღამოს აივანზე ჩაეძინა.
გიორგი გვიან ღამე დაბრუნდა. მათ ახალ შეძენილ ბინაში, რომელიც მარიამის დაჯინებით ქალაქის ცენტრში, ლამაზ ხედებიან კორპუსსი იყიდეს, დუმილი იდგა. ბავშვები გადაამოწმა. ოთახებში არავინ იყო. მისაღებს გახედა, არც მარიამი ჩანდა. იფიქრა არ არიანო. აბაზანისთვის გაემზადა, საძინებლიდან გამოსულმა კუბოკრული ნაჭერი შეამჩნია აივანზე. გახედა. მძინარე მარიამი სიცივიეში პირიდან ორთქლს უშვებდა. გიორგი გავარდა. ეცადა გაღვიძებას, უშედეგოდ. ხელში აიყვანა და საწოლისკენ დაიძრა. „შენ, რომ არა, შენ რომ არა, ის, ის“ – ლუღლუღებდა მარიანი, გიორგი დუმდა და საძინებლისკენ მიდიოდა მკლავებში კი მარიამი ეჭირა. საწოლში ჩააწვინა, ზემოდან დაჰყურებდა. „სალომე შენი შვილი არ არის!“ – წაიბუტბუტა სიმთვრალის ძილბურნიდან მარიამმა. ამით გიორგიზე შური იძია. უნდოდა სიყვარულის სახელით დაენგრია ის რასაც თავისი ჭკუით უფრთხილდებოდა. ალბათ ეს მისი სულის კივილი იყო, ვიდრე დაფიქრებული ნაბიჯი. გიორგიმ, ოთახი დატოვა,ჩუმად, აუღელვებლად, გულმოდგინედ და მისაღების სავარძელში ჩამოჯდა. გაღვიძებულზე მარიამს გიორგი არ დახვდა. არ დარდობდა, სხვა რამ ჰქონდა სადარდებელი. სიყვარულის დაკარგვა უფრო უმძიმდა, ვიდრე ოჯახის. მარცხს ვერ ეგუებოდა, კიდევ უნდა დალაპარაკებოდა და ამ იდეით აღჭურვილი სახლიდან გავარდა. - მომისმინე, გთხოვ! – ადრე, მისთვის წარმოუდგენელი ფრაზა, წარმოუდგენელი პოზა, დამცრობილი იდგა არჩილის წინაშე
- მე შენთან არაფერი მაქვს სალაპარაკო! – მოჭრილად, დაუნდობლად, კატანასავით დაუსვა მარიამის გულს
- გეხვეწები მაპატიე!
- რა სისულელეა, მე შენთან ყოფნა უბრალოდ არ მინდა!
- რატომ, ლამაზი არ ვარ?
- აღარ, ჩემთვის აღარ!
- რა მოხდა?
- შენ თავი მოიკალი, მე შენ დიდი ხანია გამოგიტირე, დაგმარხე იქ სადაც პირველად ჩამეხუტე.
- ასე რა გაწყენინე? სხვებს…
- სხვებს? – გააწყვეტინა არჩილმა – სწორედ, რომ სხვებს. სწორედ რომ ვერ გაჩერდები. ამიტომ!
- გავჩერდები, შენთვის გავჩერდები!
რა სისულელეა, რა სიბრიყვეა. შენ შენი დედისთვის, შენი მამისთვის, შენი ოჯახისთვის, ქმრისთვის შვილებისთვის ვერ გაჩერებულხარ, რომ მათი ღირსება არ შეგელახა და ჩემთვის გაჩერდები? – ხმას აუწია არჩილმა, ზიზღი და აუტანლობა იგრძნობოდა – შეიძლება ერთი თვე, ორი, მაქსიმუმ წელი ითამაშო კარგი გოგოს როლი და მანდ დაასრულო. რა აზრი აქვს ურთიერთობას, რომელიც განწირულია თავიდანვე? ან ხელზე ჯერ კიდევ ბეჭედი გიკეთია. საერთოდაც არ უნდა მოსულიყავი. გაბრუნდი, დაუბრუნდი შენს ქმარს, ოჯახს და შენს გივიკოს გვერდზე დაიმარხე ასი წლის მერე!- ვეღარ?
- რატომ, მიგატოვა?
- ჩვენს შორის დიდ ხანია ყველაფერი დამთავრდა, ეს ბეჭედი უბრალოდ ფორმალობაა!
- დამთავრდებოდა აბა რა იქნებოდა! – მოუჭრა არჩილმა
- გთხოვ! – შესციცინებდა მარიამი
- შემეშვი! – არჩილმა ნაბიჯი გადადგა, მარიამმა ხელი წაავლო – არათქო!
- გეხვეწები! – მარიამი ჩაეხუტა. ასე იდგნენ ორი წამი. მალხაზს ცრემლები მოერია, მაგრამ გადაყლაპა.
- არა! – რბილად და ნაზად, ისე როგორც ადრე. გრძნობით და სითფოთი, მაგრამ მალხაზის პასუხი იყო არა.
მარიამი ფეხის ტკივილმა შეაწუხა. მთელი დღე სიარულში გაატარა და ბოლოს ვაკის პარკში ამოყო თავი. მას არ ჰქონია მიზანი აქ მოსულიყო, რაღაცამ მოიყვანა, რაღაცა ეძახდა. მოგონება, მისი ყივილი სადღაც სულში იბრძოდა. უყურებდა შადრევანს და მისი ცეკვა აბსოლუტურად არ გამოხატავდა მარიამის გრძნობებს. მის გარეთ სხვა სამყარო იყო. ცხოვრება, რომელიც თავის გზას მიუყვებოდა, ხოლო შიგნით კი მხოლოდ ფიქრი და სიყვარულის ეპიზოდური გახსენება. მომენტში შადრევანი საფლავად მოეჩვენა. „მოცეკვავე საფლავი“ გაიფიქრა და გონებაში ღიმილი იგრძნო. ასე დაღამდა, ისევ აცივდა, ახალი წელი მოდიოდა. დრო სახლისა, დრო ოჯახისა, დრო სითბოსი და სიყვარულისა.